მთავარიკურსებიდასაქმება

ყველაზე მოთხოვნადი სკოლები

კატეგორია: განათლება
ყველაზე მოთხოვნადი სკოლები

კარგი სკოლის შერჩევა მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთულად მოსაგვარებელი საკითხია. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას საქართველოში, სადაც სამწუხაროდ, განებივრებული არ ვართ მაღალი დონის განათლებითა და ხარისხიანი საჯარო სკოლებით.

შესაბამისად, ბევრი მშობელი არჩევანს ხშირად კერძო სკოლების სასარგებლოდ აკეთებს. თბილისში დღესდღეობით 250-მდე კერძო სკოლაა, რომლებიც მოსწავლეებს სხვადასხვა პირობებს სთავაზობენ.

კერძო სკოლებში საკმაოდ მაღალკვალიფიციური და გამოცდილი პედაგოგები მუშაობენ, სასკოლო ოთახები თანამედროვე მოწყობილობებითა და ტექნიკით არის აღჭურვილი, მოწესრიგებულია სველი წერტილები და სასადილო.

დოლართან მიმართებაში ლარის კურსის გაუფასურებამ, გავლენა მშობლების გადაწყვეტილებაზეც იქონია. ბევრი მათგანი ახლა იმ კერძო სკოლის სასარგებლოდ აკეთებს არჩევენს, რომელსაც გადასახადი ლარში აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ კერძო სკოლების რაოდენობა თბილისში 250-მდე აღწევს, პრესტიჟულობითა და მათზე მოთხოვნით რამდენიმე გამოირჩევა.

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია - თბილისში, 2001 წელს დაარსდა და ყველაზე ძვირად ღირებული კერძო სკოლაა, სადაც სწავლება მე-9 კლასიდან იწყება. მენეჯმენტის განცხადებით, ახალი სასწავლო წლიდან სწავლის საფასური გაიზრდება და წელიწადში 22 ათასი ლარი გახდება.

“აკადემიაში მოსწავლეების ტრანსპორტირება შეკრების სპეციალური ადგილებიდან ხდება და სწავლის საფასურის საერთო ღირებულებაში შედის. მიუხედავად იმისა, რომ ახალი სასწავლო წლიდან საფასური გაიზრდება, ცვლილება არ შეეხებათ სკოლის ამჟამინდელ მოსწავლეებს. გარდა ამისა, გვაქვს დიდი საშეღავათო ფონდი, ყოველწლიურად ნახევარმილიონ ლარამდე ოდენობის. ამ ფონდით და თანხის ფინანსური შეღავათით ჩვენთან 75 მოსწავლეა”, - აღნიშნა აკადემიის წარმომადგენელმა.

ბრიტანულ-ქართული აკადემია - 2006 წელს დაარსებულ აკადემიაში ქართული და ინგლისური სექტორია. ფასები კი შემდეგნაირად გამოიყურება: ქართული დეპარტამენტი: სკოლამდელი განათლების ცენტრი - წელიწადში 3200$ ექვივალენტი ლარში; I - VIII კლასი - 4200$ ექვივალენტი ლარში; IX - XII კლასი - 4700$ ექვივალენტი ლარში. ბრიტანულ დეპარტამენტში, სადაც მხოლოდ მოწვეული უცხოელი პედაგოგები ასწავლიან, სწავლის ღირებულება წელიწადში 7 100 $ იდან - 10 400 $ მდე იწყება. სკოლა ერთი ოჯახის შვილებს შეღავათებს უკეთებს და მათ გადასახადებს ინდივიდუალურად განიხილავს. გადასახადი დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის კვების, ხოლო ყველა მოსწავლისთვის ტრანსპორტირების საფასურს ითვალისწინებს.

ევროპული სკოლა - ევროპულ სკოლაში როგორც ქართულენოვანი, ასევე საერთაშორისო და ამერიკული სექტორებია. წლიური გადასახადი 4 000 ევროს შეადგენს. გადასახადში შედის ორჯერადი კვება, ტრანსპორტირება და სხვადასხვა მხატვრული წრეები. საერთაშორისო სექტორში გადასახადი კლასების მიხედვით განსხვავდება. ყოველ მეორე ბავშვზე მშობელს 10%-იანი შეღავათი აქვს, მესამეზე კი 20%-იანი.

ნიუტონის თავისუფალი სკოლა - მიუხედავად იმისა, რომ სკოლა სულ რაღაც სამი წლის წინ დაარსდა, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პრესტიჟული სკოლაა. სკოლაში სწავლის საფასური 4 900 ლარს შეადგენს. ამ საფასურში შედის 2-ჯერადი კვება. კლასში მოსწავლეების მაქსიმალური რაოდენობა კი 20-ს არ აღემატება. თუმცა, საფასურში არ შედის ტრანსპორტირებისა და ცურვის გადასახადი.

“დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია. სხვა კლასის მოსწავლეებისთვის კი ივნისის შუა რიცხვებისთვის დაიწყება. წელსაც საკმაოდ მოთხოვნადია, კონკურსი დიდია, გადასახადში შედის ორჯერადი კვება 1-დან მე-4 კლასის ჩათვლით და სხვადასხვა კლუბური აქტივობები. 40-მდე დასახელების კლუბია, მხოლოდ ცურვაა ფასიანი”, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

წმინდა გიორგის სახელობის საერო სკოლა - ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი სკოლაა, რომელიც წელს დაარსების 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. სკოლა ბაგებში, ეკოლოგიურად სუფთა ტერიტორიაზე მდებარეობს. სკოლაში სწავლის საფასური 4 700 ლარია და 2-ჯერად კვებას, სხვადასხვა სპორტულ აქტივობებს - მათ შორის ცურვასა და რაგბის, გახანგრძლივებულ გაკვეთილებსა და ტრანსპორტირებას ითვალისწინებს. სკოლაში 10%-იანი ფასდაკლება ვრცელდება ოჯახებისთვის, რომლებიც მეორე შვილს შეიყვანენ, ხოლო მესამე ბავშვის შემთხვევაში ფასდაკლება 15%-ია. პირველი სასწავლო წლის განმავლობაში 10%-იანი ფასდაკლება ვრცლდება მეგობრებზეც, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ ბავშვები ერთად შეიყვანონ წმინდა გიორგის სახელობის საერო სკოლაში. ასევე 10%-იანი ფასდაკლება ეხება ოჯახებს, რომლებიც წმინდა გიორგის სახელობის საბავშვო ბაღით ისარგებლებენ.

“თბილისში ჩატარებული კვლევების თანახმად, ბაგები დედაქალაქში ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ტერიტორიად დასახელდა. თუ ამას დავუმატებთ იმას, რომ ჩვენი სკოლის ტერიტორია გამწვანებულ ზოლშია, სადაც მარადმწვანე მცენარეებია და ეთნოგრაფიული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაა, მოსწავლეები მთელი დღე სუფთა ჰაერს სუნთქავენ და დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში არსებული გამონაბოლქვისგან შორს არიან. ახალი სასწავლო წლიდან, განახლებული შენობითა და გარემოთი დავხვდებით მოსწავლეებს. ვიწყებთ სკოლის რეკონსტრუქციას ბავშვები მსოფლიო სტანდარტების შესაბამის გარემოში ისწავლიან”, - აღნიშნა სკოლის დირექტორმა.

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - ბაქსვუდის სკოლაში, რომელიც 2000 წელს დაფუძნდა, სწავლის საფასური 6800 ლარამდე მერყეობს. სკოლაში თითოეული კლასი მაქსიმუმ 20 მოსწავლისგან შედგება. საფასური ითვალისწინებს 2-ჯერად კვებას, ტრანსპორტირებასა და უნიფორმას. თუმცა, ცურვაზე სიარულის სურვილის შემთხვევაში, მშობლებმა საფასურს 125 ლარი უნდა დაამატონ. წარჩინებულ მოსწავლეებს სიგელით, დიპლომით და სხვადასხვა ფასიანი საჩუქრებით აჯილდოვებენ. ასევე, ენიშნებათ სტიპენდიაც.

BPN.GE


წინა
არაწესიერი ზმნები

Dabudu.com

არაწესიერი ზმნები

კატეგორიები

კურსებიდასაქმებასასარგებლო ინფორმაციარატომ დაბუდუ?

დაგვიკავშირდით

სოციალური მედია